ჩვენი სტუმრების, აიდინის კოლეჯის მოსწავლეებისა და მასწავლებლების, ვიზიტის პირველი დღე ,,მილენიუმში" სტუმრობით დაიწყო. როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესია, მილენიუმის მოსწავლეები სკოლის ეზოში შეეგებნენ თურქ მეგობრებს, გაიცნეს ერთმანეთი, დაათვალიერებინეს სასკოლო სივრცე, წაიხემსეს და მალევე გადაინაცვლეს ჩვენი ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი:
დღე საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ჩვენი პატარა სტუმრები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, მოწვეულმა ანიმატორმა გაამხიარულა და გაახალისა;
სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, ჩვენმა სტუმრებმა მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. მეტი შთაბეჭდილებისა და თვალსაჩინოებისთვის, მილენიუმელებმა რუსთავის ციხეც უჩვენეს;
დასასრულს, ჩვენი ქალაქის ქართული ცეკვების ანსამბლმა ,,გორგასალმა", ქორეოგრაფ ბადრი ბერაიას ხელმძღვანელობით, ცენტრალური პარკის სცენაზე რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვის ნომერი შემოგვთავაზა. პატარა მოცეკვავეებმა ზუსტად წარმოაჩინეს ქართული ხასიათი, მუხტი, სულისკვეთება და ერთიანად მოხიბლეს მაყურებელი - სტუმარიც და მასპინძელიც.
დღის ბოლოს, განვლილი დღის შთაბეჭდილებით აღსავსე ჩვენი სტუმრები, მასპინძელ ოჯახებში გადანაწილდნენ.