სასწავლო წლის შეჯამება და სასიამოვნო ემოციები
გალაკტიონის საღამო მილენიუმში
- 29/09/2022
- 1
მილენიუმში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მამუკა შელეგიას წიგნის („გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების ქრონოლოგიური მატიანე“) პრეზენტაცია გაიმართა. როგორც როსტომ ჩხეიძემ შეაფასა, ეს მხოლოდ მატიანე კი არა, პოსტმოდერნისტული რომანია, რომელშიც „გათვალისწინებულია პერიოდიკაც, საარქივო მასალებიც და გამოკვლევებიც, წვეთ-წვეთობით და ნაბიჯ-ნაბიჯ არის გამოწურული თითოეული რეალია, რათა ხელშესახებად გამოიკვეთოს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და მწერლური ღვაწლის გარეგნული ქარგა, ეს გარეგნულიც რომ გრანდიოზულ კოშკს მოგვაგონებს, არამცთუ მისი პოეტური სამყარო...“ ალბათ, ამიტომ არც საღამოს მესვეურთ გაუჭირდათ ლექსებად, სიმღერებად და ლიტერატრულ ჩანართებად გაეშალათ მთელი შეხვედრა. პოეზიის მეფის სიტყვის ძალა, მკვლევრის ნიჭიერება და პასუხისმგებლობა იმდენად საგრძნობი იყო მოსწავლეთათვის, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა მაყურებელი კიდევ ერთხელ მიეწვიათ გენიოსის გენიალურ სამყაროში... სათქმელი მაინც მის უდიდებულესობა სიყვარულს დაეთმო (მოსწავლეთა არჩევანი მათი მაისურებიდანაც კი ამბობდა თავის სათქმელს) და საღამოს დასასრული მეტად ემოციური აღმოჩნდა, როცა მეგობრებმა გაიხსენეს მერი, ოღონდ არა გალაკტიონის, არამედ მამუკა შელეგიას მერი გაჩეჩილაძე (რომელიც იყო შთაგონების წყარო და მიეძღვნა კიდეც ეს წიგნი ძვირფასი მეუღლისაგან).
დიახ, „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, უსიყვარულოდ არც ერთი სტუმარი არ იყო ჩვენთან მოსული, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ. როგორც საღამოს შეშვენის, მის დასასრულს არც ტკბილი სიტყვები დაუნანებიათ და სიტყვით გამოვიდნენ: თავად ბატონი მამუკა და მილენიუმის დამაარსებელი ქ-ნ ელზა ლეკვეიშვილი, ნათია სიხარულიძე (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ამ წიგნის რეცენზენტი), ნონა კუპრეიშვილი (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), ნანა კობალაძე (გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის იკონოგრაფიის განყოფილების გამგე), ვაჟა პაპასკირი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პროფესორი) და სხვ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მონაწილესა და სტუმარს, რადგან „გამწირველმა“ „შემწირველი“ „იგრძნო“ და საღამო შედგა. შედგა კიდევ ერთი სიყვარულით სავსე შეხვედრა მილენუმში.
გამოცდები, გამოცდები..
- 29/09/2022
.
ორდღიანი საგამოცდო ციებ-ცხელების შემდეგ, ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ცოდნა და უნარები გარკვეულ საგნებში და თამამად გადააბიჯეს მომდევნო კლასში. ბედნიერი დასვენება მათ და კიდევ უფრო წარმატებული შემდეგი სასწავლო წელი!
ქართული და გერმანული კულინარია
- 29/09/2022
უცხოური ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში, მე-11 კლასში ჩატარდა გერმანული კულტურის დღე. მოსწავლეებმა გერმანელ მოხალისეებს წარუდგინეს რამდენიმე ქართული კერძი და, თავის მხრივ, სტუმრებმაც წარმოადგინეს ტრადიციული გერმანული კერძები: Kartoffelsalat და Kalter Hund. შეხვედრაზე ასევე გამოიყენეს ინტერაქციული აქტივობა პლათფორმა kahoot-ის გამოყენებით.